Loading data...
კიმ ჩენ ინი ლავროვს - მზად ვართ, უპირობოდ დავუჭიროთ მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, უპირობოდ დაუჭიროს მხარი. აღნიშნულის შესახებ CNN-ი ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

„გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, - ციტირებს ლავროვის განცხადებას სააგენტო TASS-ი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი ქალაქ ვონსანში თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას ჩოე სონ ჰუის შეხვდა.

ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით 11 ივლისს ჩავიდა.