კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა არასდროს დავთმობთ ბირთვულ იარაღს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, თავი აარიდოს აშშ-სთან მოლაპარაკებებს, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს მოთხოვნას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით.
„პირადად მე, ჯერ კიდევ სასიამოვნო მოგონებები მაქვს აშშ-ის პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპთან დაკავშირებით. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, მიიღებს რეალობას და მოისურვებს ნამდვილ მშვიდობიან თანაარსებობას, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დავსხდეთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.
მან უარყო ნებისმიერი ეტაპობრივი გეგმა ჩრდილოეთ კორეის განიარაღებასთან დაკავშირებით.
„მსოფლიომ უკვე კარგად იცის, რას აკეთებს შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც ქვეყანას აიძულებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და განიარაღდეს. ჩვენ არასდროს დავთმობთ ბირთვულ იარაღს“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.