კიევში უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
3 ივნისს კიევში უკრაინისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს შორის უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარიინსკის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ კიევში ვიზიტის დროს მას ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ახლავს თან.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მთელი შემადგენლობა თან ჩამოვიყვანე კიევში ნატო-უკრაინის საბჭოს ისტორიულ პირველ შეხვედრაზე. ეს თავისთავად ძლიერი სიგნალია ნატოსა და უკრაინას შორის არსებული მჭიდრო კავშირების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, სადაც უკრაინელები აგრძელებენ მხარდამხარ დგომას, გამბედაობისა და რწმენის დემონსტრირებას, რომ თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა ღირს“, - აღნიშნა რუტემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის უკრაინაში ჩატარება „ისტორიული მოვლენაა“.
„უკრაინა-ნატოს საბჭო ჩვენი ურთიერთქმედებისთვის განსაკუთრებული ფორმატია და ეს ამ ფორმატში პირველი შეხვედრაა კიევში. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი ხელს უწყობს პარტნიორების ყურადღების კონცენტრირებას უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე“, - დასძინა პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ნატოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა შეხვედრას ნატოს წარმომადგენლების დონეზე დაესწრო და მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყო წარმოდგენილი მოადგილეების მიერ.