Loading data...
ხერსონში რუსეთის მიერ ხიდის დაბომბვის შემდეგ მთელი მიკრორაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოცხადდა

ქალაქ ხერსონში რუსეთის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელობის ხიდის დაბომბვის შემდეგ ხერსონის რეგიონულმა ხელისუფლებამ კორაბელის მიკრორაიონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა Telegram არხზე გამოაქვეყნა.

„კორაბელის მიკრორაიონისკენ მიმავალი ხიდის დაზიანების გამო, მკაცრად მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ. მტრის საჰაერო დარტყმის შედეგად, ლოგისტიკა შეფერხდა. ეს დროებით საკვებისა და სხვა მარაგების მიწოდებას გაართულებს“, - წერს ის.

გარდა ამისა, რუსეთის დარტყმამ დააზიანა გაზსადენი. შესაბამისად, ეს უბანი გარკვეული დროის განმავლობაში გაზის გარეშე დარჩება.

„ამიტომ მოვუწოდებ ხალხს, ხერსონის სხვა რაიონებში გადავიდნენ. იქ თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო დახმარებას, მათ შორის საცხოვრებლით უზრუნველყოფას“, - განაცხადა პროკუდინმა.

მან ცალკე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ სიტუაციას. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები, რომლებიც შეეცდებიან ნებისმიერი ქმედების განხორციელებას, დაუყოვნებლივ განადგურდებიან.