Loading data...
„ხელები შორს გრენლანდიისგან“ - დანიაში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 17 იანვარს, დანიის ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა ლოზუნგით - „ხელები შორს გრენლანდიისგან“. ისინი არქტიკული კუნძულის ხელყოფის შესახებ აშშ-ის გეგმებს აკრიტიკებენ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

კოპენჰაგენში მომიტინგეები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ, მათ ხელში უკავიათ გრენლანდიის დროშები და სკანდირებენ: „გრენლანდია არ იყიდება“; „კალაალიტ ნუნაატ!“ [კუნძულის სახელი გრენლანდიურ ენაზე].

„კოპენჰაგენიდან გზავნილი ხმამაღალი და ნათელია: გრენლანდია ნივთი არ არის“, - განაცხადა კოპენჰაგენის მერმა სისე მარი ველინგმა.

„ჩვენ მოვითხოვთ გრენლანდიის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემას და გრენლანდიელი ხალხის პატივისცემას. ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ გრენლანდიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გრენლანდიის მოქალაქეთა ინიციატივის - „ხელები შორს კალაალიტ ნუნაატისგან“ - დამფუძნებელმა პოლ იოჰანესენმა.

უცხოური მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები 17 იანვარს დანიის სხვა ქალაქებშიც, ასევე თავად გრენლანდიაშია დაგეგმილი.