Loading data...
ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა - ISNA

აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ISNA ავრცელებს. 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 67 წლის არაფი ცნობილი ირანელი შიიტი აიათოლაა.

არაფი კურირებდა შიიზმის გავრცელებას საზღვარგარეთ. ამასთან, მანამდე ირანის სასულიერო სასწავლებლებს ხელმძღვანელობდა. 

ალირეზა არაფი ალი ხამენეის ერთ-ერთ მემკვიდრედ მიიჩნეოდა. 

ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.