„ხალხი იყინება, მაგრამ არ ნებდება“ - რუსეთმა უკრაინა სიბნელესა და სიცივეში დატოვა, მაგრამ ვერ გატეხა - WSJ
რუსეთი ცდილობს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში ჩაძიროს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებით, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ხოლო ათასობით სახლი ძლივს მომუშავე გათბობით. განსაკუთრებით მწვავე ვითარებაა კიევში.
თუმცა, როგორც The Wall Street Journal წერს, ამან არ გამოიწვია სოციალური კოლაფსი, რასაც რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით ცდილობდა. სამაგიეროდ, უკრაინელები ავლენენ მდგრადობას და გადარჩენის ნიჭს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაუძლონ მოსკოვის მცდელობებს, ჩაახშოს მათი წინააღმდეგობა.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მაღალსართულიანი კორპუსის მცხოვრებმა, დარინა პროკოპენკომ განაცხადა, ოჯახის გადარჩენისთვის ის გაზქურას რთავს - მისი თქმით, ეს უსაფრთხო ნამდვილად არ არის, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია.
მანქანები როგორც დამტენი სადგურების, ასევე, საყინულეების ფუნქციას ასრულებენ, მათ საბარგულებში კი გაყინული პელმენები და სხვა საკვები ინახება. საშობაო ნაძვის ხეები, რომლებიც ჯერ კიდევ გირლანდებით არის მორთული, ელექტროენერგიის გათიშვის დროს ბინებს ანათებენ. არდადეგებზე მყოფი ბავშვები თავიანთ მოწყობილობებს სამთავრობო პუნქტებში ტენიან.
კიევის კიდევ ერთი მკვიდრი აცხადებს, რომ ამჟამად ელექტროენერგია მხოლოდ ყველაზე აუცილებელი საჭიროებებისთვის არის საკმარისი. ჭურჭლის გასარეცხად ის ინტერნეტში ნანახ რჩევას იყენებს: ცივ წყალში თეფშების გასარეცხად რეზინის ხელთათმანებს ქვეშ ზამთრის ხელთათმანებს იკეთებს.
ტექნიკოსები ელექტროენერგიის აღსადგენად დღეში 12 საათის განმავლობაში მუშაობენ. DTEK-ის თანამშრომელმა ვადიმ ბულაკმა განაცხადა, რომ გასულ კვირას მან და მისმა კოლეგებმა აღადგინეს ელექტროენერგია შენობაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო.
„ისინი პრაქტიკულად ჩვენთვის ლოცულობდნენ“, - განაცხადა მან და გაიხსენა, თუ როგორ მოჰქონდათ მცხოვრებლებს ჩაი და ტკბილეული მისი გუნდისთვის მადლობის ნიშნად.
ამჟამად კიევში ათასზე მეტი მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშე რჩება.