Loading data...
კერძო კრედიტორები ითხოვენ, უკრაინამ სახელმწიფო ვალის პროცენტის გადახდა განაახლოს - The Wall Street Journal

უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელთა ნაწილი, მათ შორის BlackRock და Pimco, აპირებს, უკრაინას მოსთხოვოს, 2025 წლიდან სახელმწიფო ვალის პროცენტის გადახდა განაახლოს, რომლის გადახდაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეჩერებული იყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება. 

უკრაინის უცხოელმა კრედიტორებმა 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ განაცხადეს, რომ კიევმა შესაძლოა, გადახდები გადაავადოს. თუმცა ახლა ისინი „მოთმინებას კარგავენ“.

როგორც The Wall Street Journal-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, საუბარია კრედიტორებზე, რომელთა მფლობელობაშიც 20 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინული სახელმწიფო ობლიგაციებია. გამოცემა წერს, რომ უცხოელმა კრედიტორებმა უკვე აიყვანეს იურისტები, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრედიტორებს სურთ, უკრაინამ პროცენტის გადახდა განაახლოს, სანაცვლოდ კი დავალიანების დიდი ნაწილის ჩამოწერა მოხდება.

„კრედიტორები მოუთმენლად ელიან კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას უკრაინის ვალის პრობლემის გადაჭრაში დასახმარებლად“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამსესხებლები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ 500 მილიონ დოლარამდე წლიურ საპროცენტო გადასახადს და აღნიშნეს კიდეც, რომ მათ შესაძლოა, შემდგომში დამატებითი შეღავათების მიცემაც გაითვალისწინონ. მედიის ინფორმაციით, კიევი ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მაისში აპირებს. გამოცემის ცნობით, უკრაინული მხარე ცდილობს, ამ გარიგებასთან დაკავშირებით აშშ-ისა და სხვა მოკავშირეებისგან თანხმობა მიიღოს.

თუ კრედიტორებთან გარიგება ვერ დაიდება, უკრაინამ შესაძლოა, დეფოლტი გამოაცხადოს. ეს შეიძლება, აგვისტოში მოხდეს, როდესაც კომპანიების მიერ დაწესებული ვადა ამოიწურება. ეს კი ინვესტორების თვალში უკრაინის რეპუტაციას შელახავს და გაართულებს მისი მხრიდან მეტი სესხის აღების შესაძლებლობას.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ზოგიერთი კრედიტორი გამოვიდა წინადადებით, უკრაინის ვალის ნაწილის დასაფარად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული გაყინული რუსული აქტივები გამოიყენონ, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და „დიდი შვიდეულის“ წევრმა ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ ინიციატივას მხარი ჯერ არ დაუჭირა.