Loading data...
კენიაში ერთ-ერთი სექტის ლიდერს 200-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერი პოლ მაკენზი 190 ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 200-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაკენზის ბრძანებით ბავშვებს საჭმელს არ აძლევდნენ, ისინი იხოცებოდნენ და მათ ტყეში მარხავდნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, პოლ მაკენზიმ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე ცრურელიგიური „ეკლესია“ გახსნა და თავის მიმდევრებს მოუწოდებდა  ბავშვებთან ერთად სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა შემდეგ სამუდამოდ სამოთხეში აღმოჩენილიყვნენ. მაკენზის თანამზრახველები მსხვერპლს აშინებდნენ და სცემდნენ, რომ მათ ბრძანებები შეესრულებინათ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცოცხლად იყო დამარხული.

სასამართლოს ინფორმაციით, მაკენზის საქმეში 190 მოკლული ბავშვი და ერთი ზრდასრული ფიგურირებდა. ამასთანავე, კენიის ადამიანის უფლებათა დაცვის ნაციონალური კომისია იუწყება, რომ ტყეში საერთო ჯამში 448 ცხედარი იყო აღმოჩენილი, ტრაგედიის მასშტაბი შეიძლება შევადაროთ უგანდაში, 2000 წელს მომხდარ მასიურ თვითმკვლელობას, როდესაც 700 ადამიანი დაიღუპა.