Loading data...
კელოგი: ტრამპის გუნდი მომავალ კვირას უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდი მომავალ კვირას ლონდონში გაემგზავრება, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ Fox News-ს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განუცხადა. 

კელოგს ჰკითხეს, რატომ არის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის სასარგებლო, რაზეც მან უპასუხა, რომ ის შეერთებულ შტატებს უზრუნველყოფს მინერალებით, რომლებიც მათ ქვეყანაში დიდი რაოდენობით არ აქვთ. მან მაგალითად ტიტანი მოიყვანა.

კელოგმა პარიზში გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა, რომლის დროსაც უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს „განზრახვის მემორანდუმს აშშ-ის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ფორმალური ეკონომიკური პარტნიორობისა და აღდგენის საინვესტიციო ფონდის შეთანხმების დასასრულებლად“.

მან აღნიშნა, რომ პარიზში შეხვედრისას უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა „ისაუბრეს უახლოეს მომავალში პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ნაბიჯებზე“.

„სწორედ ამიტომ ამ კვირაში ვბრუნდებით ლონდონში, რათა ეს შეთანხმებები დავასრულოთ და ვფიქრობ, არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა“, - აღნიშნა მან. 

კელოგმა ასევე შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც „90 დღეში უფრო მეტი გააკეთა ამ ომის მოსაგვარებლად - ევროპაში ყველაზე დიდი ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ვიდრე გაკეთდა 900 დღეზე მეტი ხნის წინ“.

„ვფიქრობ, საკმაოდ კარგი საფუძველი გვაქვს. მინერალური შეთანხმება ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე. როდესაც ვამბობ „ყოვლისმომცველს“, ვგულისხმობ ზღვას, ჰაერს, ხმელეთსა და მრეწველობას - მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, თანდათანობით გადასვლით გრძელვადიან მშვიდობაზე, მუდმივ შეთანხმებაზე და, ჩემი აზრით, ჩვენ სწორ გზაზე ვართ“, - დაასკვნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.