ყაზანზე იერიშის შემდეგ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო ბაზებზე დარტყმებს გააგრძელებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებზე დარტყმებს გააგრძელებს. ამის შესახებ მან უკრაინელებისთვის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას დრონებითა და რაკეტებით და სულ უფრო მეტად უკრაინულით, სწორედ იმ სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ხალხის ტერორისთვის გამოიყენება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვა აბსოლუტურად სამართლიანია. ზელენსკის თქმით, დადგება დრო და რუსი დამპყრობლები უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე პასუხს აგებენ.
ცნობისთვის, 21 დეკემბრის დილას რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით იერიში განხორციელდა. იერიშის შედეგად ყაზანის დენთის ქარხანაში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, რომ ყაზანის დენთის ქარხანა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი „ხერხემალია“, რომლის გარეშეც საბრძოლო მასალის მასობრივი წარმოება შეუძლებელი იქნება.