კატარის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი და აშშ მოლაპარაკებების პროცესის ერთგულები რჩებიან, ჩვენ მათ შორის წინადადებების რეალურ დროში გაცვლას ხელს ვუწყობთ
ირანი მიიჩნევს, რომ აშშ-თან ომის განახლება ყველაზე სავარაუდო სცენარია. ამის შესახებ Al Arabiya ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, წერს The Times of Israel.
საუდის არაბეთის მედიასაშუალების ცნობით, ამ შეფასების მიუხედავად, ირანის სამოქალაქო ხელმძღვანელობამ — პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა, პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ — უსაფრთხოების სფეროს ხელმძღვანელობას მოუწოდა, ვაშინგტონთან კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის მიზნით, კატარის უახლეს წინადადებას მხარი დაუჭიროს.
Al Arabiya-ს ცნობით, კატარელი შუამავლები თეირანში იმყოფებიან, რათა შეთავაზებულ წინადადებაზე ირანის პასუხი მოისმინონ.
ირანი და შეერთებული შტატები „მოლაპარაკებების პროცესის ერთგულები რჩებიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ შორის წინადადებების რეალურ დროში გაცვლას. ორივე მხარე ამჟამად განიხილავს იმ იდეებსა და წინადადებებს, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ.
აბუ-დაბიში დაფუძნებული Erem News იუწყება, რომ უსაფრთხოების საკითხებში ირანის მაღალჩინოსანმა მოჰსენ რეზაიმ დოჰაში აშშ-თან პირდაპირი არხის გახსნის შესახებ კატარის წინადადება უარყო.