Loading data...
კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატარი ღიაა დიპლომატიისა და ირანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის

„კატარი ღიაა დიპლომატიისთვის და ირანთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად“, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა და ირანს კატარზე თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა.

მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ კატარში, რას ლაფანის ენერგოკომპლექსზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმები დაგმო და უწოდა „საბოტაჟის აქტი“, რომელიც მისი თქმით, თეირანის „აგრესიის პოლიტიკასა“ და „სახიფათო ესკალაციაზე“ მიუთითებს.

გარდა ამისა, კატარის პრემიერ-მინისტრმა უარყო თეირანის მტკიცება, რომ ირანის სამიზნეს მხოლოდ აშშ-ის ინტერესები და ბაზები წარმოადგენს და აღნიშნა, რომ თხევადი ბუნებრივი აირის გადამმუშავებელ ობიექტზე განხორციელებულმა დარტყმამ კატარელი ხალხის საარსებო წყარო მნიშვნელოვნად დააზიანა.

მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ამ ომის დაწყება ისრაელმა გადაწყვიტა, ირანმა კი პასუხის გაცემა მეზობლების მიმართ მტრული განწყობით გადაწყვიტა.