Loading data...
კატარის მიერ ტრამპისთვის გადაცემული ავიალაინერი პენტაგონმა ოფიციალურად ჩაიბარა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ოფიციალურად ჩაიბარა თვითმფრინავი Boeing 747-8, რომელიც კატარმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აჩუქა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ამის შემდეგ, ლაინერის მოდერნიზაცია მოხდება, რათა ის შეესაბამებოდეს საპრეზიდენტო ბორტის, Air Force One-ის მოთხოვნებს. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ასეთი მოდერნიზაცია შეიძლება ორი წელი გაგრძელდეს და თავად თვითმფრინავის ფასზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდეს. ავიალაინერის სავარაუდო ფასი ამჟამად 400 მლნ აშშ დოლარია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ლაინერი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განკარგულებაში გადავა.