კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. ამის შესახებ ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებში არსებობს საზღვრები, რომელთა გადალახვაც არ შეიძლება, რის გამოც მან ჯილდო გააუქმა.
„პოლონური საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკრაინის ამბოხებულთა არმია, უპირველეს ყოვლისა, რჩება ორგანიზაციად, რომელიც პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. უკრაინის ამბოხებულთა არმიამ მინიმუმ 100 000 პოლონელი მოქალაქე მოკლა. ამიტომ უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფისთვის ისეთი სახელის მინიჭებას, რომელიც უკრაინის ამბოხებულთა არმიის კრიმინალებს უკავშირდება, აქვს მნიშვნელობა, რომელიც გაცილებით სცილდება უკრაინის შიდა საქმეებს“, - განაცხადა ნავროცკიმ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევა არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ცვლის პოლონეთის პოლიტიკას რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ნავროცკის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტის სტრატეგიული შეცდომაა, საიდანაც მხოლოდ მოსკოვი ისარგებლებს. ვწუხვართ, რომ ვარშავაში ემოციებმა გაიმარჯვა და პოლონელი პოლიტიკოსები აიძულა, გადაედგათ გაუმართლებელი, იმპულსური და უარმყოფელი ნაბიჯები არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - დაწერა მან.
სიბიგამ უარი თქვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს შენარჩუნებაზე.
„ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების გათვალისწინებით, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, შევინარჩუნო პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში მომეცა - კომანდორის ჯვარი ორდენის ვარსკვლავით „პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის“. მას მალე დავუბრუნებ პოლონეთს“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო 2023 წლის აპრილში მაშინდელი პრეზიდენტისგან ანჯეი დუდასგან პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.