კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტს: ვოლოდიმირ, ამ დავას არაფერი აქვს საერთო პოლონეთის შიდა საქმეებთან
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უპასუხა მისი უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს პოლონეთში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე უკრაინელების მიმართ მტრული განწყობის გაღვივების შესახებ.
კერძოდ, TSN.Tyzhden-თან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მისთვის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს - „თეთრი არწივის ორდენის“ ჩამორთმევის გადაწყვეტილებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მთელი ეს საკითხი პოლონეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას და უკრაინელების მიმართ მტრული განწყობის გაღვივებას უკავშირდება.
მოგვიანებით ჟურნალისტებმა კაროლ ნავროცკის უკრაინის ლიდერის ამ განცხადებაზე გამოხმაურება სთხოვეს.
„დავა პოლონეთის შიდა პოლიტიკას არ ეხება. ყველა პატრიოტს ესმის, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთის მიწაზე, რამდენად დრამატული იყო ის დრო. დავა ეხება ისტორიული საკითხების აღქმას და იმ ფაქტს, რომ პოლონეთში ჩვენ არ ვიღებთ წითელ-შავ ბანდერას დროშას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
„ვერ წარმომიდგენია, რომ პოლონელი პატრიოტები, განსაკუთრებით კი პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობა, ერთად არ დადგნენ და არ გაერთიანდნენ ასეთ სიტუაციაში. ვოლოდიმირ, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამ დავას არაფერი აქვს საერთო პოლონეთის შიდა საქმეებთან. ისინი არ არსებობს, რადგან ყველა პოლონელმა იცის და ესმის, თუ რამხელა ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონელებსა და პოლონელ ბავშვებს. პრეზიდენტი ზელენსკი ცდება, გმადლობთ“, - დასძინა მან.