Loading data...
კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვას, სავარაუდოდ, 50 ადამიანი ემსხვერპლა - The Guardian

კანარის კუნძულებთან ჩაიძირა ნავი, რომელსაც სენეგალიდან ჩამოსული მიგრანტები გადმოჰყავდა. სავარაუდოდ, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს მას შემდეგ, რაც ტვირთის გადამზიდავმა გემმა მომხდარის შესახებ ესპანეთის სამაშველო სამსახურს შეატყობინა. 

მაშველები ადგილზე კატერებითა და ვერტმფრენით მივიდნენ. 

„ადგილზე მისულმა ვერტმფრენმა სანახევროდ ჩაძირულ ნავზე მყოფი 9 ადამიანი გადაარჩინა და ისინი ელ იეროს აეროპორტში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამაშველო კატერმა დაადასტურა, რომ ნავზე აღარავინ იყო და ბაზაზე დაბრუნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ესპანეთის პოლიციის ცნობით, როდესაც ნავმა სენეგალის დატოვა, მასზე დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა.