Loading data...
კანარის კუნძულებთან 100 მიგრანტით დატვირთულ ნავზე, სულ მცირე, 8 ცხედარი იპოვეს

ესპანეთის კანარის კუნძულების სანაპიროსთან, კუნძულ ელ-იეროს სამხრეთით, მიგრანტებით სავსე ნავზე 8-დან 10-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ავრცელებს. 

ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ცნობით, ნავზე დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექვსი ადამიანი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნავი კუნძულ ელ-იეროდან სამხრეთით, დაახლოებით 72 კილომეტრში (39 საზღვაო მილში) აღმოაჩინეს და ლა-ესტაკას პორტში გადაიყვანეს.

დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალი ატლანტის ოკეანის მარშრუტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ გზად მიიჩნევა.