კანადის პრემიერი: ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმები „საერთაშორისო წესრიგის კრახის კიდევ ერთი მაგალითია“
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო დარტყმები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება.
„ერთი შეხედვით, როგორც ჩანს, ეს არ შეესაბამება, ან შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან“, - განაცხადა კარნიმ სიდნეიში, ლოუს ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, კანადა „დიდი ხანია, ირანს ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ტერორის მთავარ წყაროდ მიიჩნევს“. თუმცა კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ორ ათწლეულზე მეტი ხნის მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ირანმა არც თავისი ბირთვული პროგრამა გააუქმა და არც ურანის გამდიდრების საქმიანობა შეაჩერა“.
„კანადა ირანელი ხალხის გვერდით დგას რეჟიმის ჩაგვრის წინააღმდეგ მათ ხანგრძლივ და გაბედულ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და მისი რეჟიმის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შემდგომი საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა კარნიმ და დასძინა: „თუმცა, ჩვენ ამ პოზიციას სინანულით ვიკავებთ, რადგან მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო წესრიგის კრახის კიდევ ერთი მაგალითია“.