Loading data...
კანადის პრემიერ-მინისტრი: ტრამპთან ჩვენი პირობებით ვილაპარაკებთ

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სამომავლო მოლაპარაკებების დროს მკაცრ მიდგომას გამოიყენებს. აღნიშნულის შესახებ მარკ კარნიმ ფედერალურ არჩევნებში „ლიბერალური პარტიის“ გამარჯვების შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებები დაუშვა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი „ჩვენი პირობებით იქნება და არა მათი“.

„ჩვენ უნდა დავამყაროთ პარტნიორობა, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა. ის ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გვქონდა“, - განაცხადა კარნიმ.

მან, ასევე,აღნიშნა, რომ კანადა „უდიდესი კლიენტია [აშშ-ის] 40-ზე მეტი შტატისთვის“.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ვაწვდით აშშ-ს სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას, ვაწვდით მათ ფერმერებს პრაქტიკულად ყველა სასუქს. ჩვენ ვიმსახურებთ და ველოდებით პატივისცემას. დარწმუნებული ვართ, რომ დროთა განმავლობაში კვლავ მივიღებთ პატივისცემას და მაშინ შევძლებთ ამ მოლაპარაკებების წარმართვას“, - დასძინა კანადის პრემიერმა.