Loading data...
კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა - ეს სისუსტეები უნდა გამოვასწოროთ

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა.

„მსოფლიო უფრო სახიფათო და დაყოფილი გახდა. შეერთებულმა შტატებმა ვაჭრობის მიმართ მიდგომა ფუნდამენტურად შეცვალა და ტარიფები იმ დონემდე გაზარდა, რაც ბოლოს დიდი დეპრესიის პერიოდში იყო.

კანადის ძლიერი მხარეები, რომელიც ამერიკასთან ახლო ურთიერთობებს ეფუძნებოდა, ახლა სისუსტედ იქცა. ეს სისუსტეები უნდა გამოვასწოროთ. აშშ შეიცვალა და ჩვენც უნდა ვუპასუხოთ. იმ იმედად ყოფნა, რომ ამერიკა ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება, რეალური სტრატეგია არ არის. საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ერთ უცხოელ პარტნიორს ვერ დავეყრდნობით“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კარნის თქმით, კანადა ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას სხვა ქვეყნებთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებით გეგმავს. ასევე, აპირებს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და თავდაცვითი ხარჯების გაზრდას.