Loading data...
კანადა უკრაინას 38 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს - ჯასტინ ტრიუდო

კანადა უკრაინას 52,4 მილიონი დოლარის (38 მილიონი აშშ დოლარის) დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო კონფერენციაზე განაცხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პაკეტის უდიდესი ნაწილი - 20 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 14,5 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში რუსეთის თავდასხმების შედეგად ძლიერ დაზიანდა. 15,4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 11,2 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება უკრაინის რეფორმების მხარდასაჭერად, რომელმაც ის ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა მოამზადოს, ასევე, თანხა მოხმარდება ქვეყნის ნაღმებისგან გაწმენდას.

გარდა ამისა, 15,4 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 10,8 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება ისეთ ჰუმანიტარულ მიზნებზე, როგორებიცაა ომით დაზარალებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების შექმნა, ომის დანაშაულებისა და ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.

საბოლოოდ, კიდევ 2 მილიონი კანადური დოლარი (1,45 მილიონი აშშ დოლარი) დაიხარჯება უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტების უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციის მხარდასაჭერად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA-ს) დახმარებით.