Loading data...
კანადა ცდილობს ტრამპის ტარიფებს გერმანიასთან ეკონომიკური ალიანსის ჩამოყალიბებით გაექცეს - POLITICO

„კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გერმანიაში მიემგზავრება, რომ თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში კავშირები გააძლიეროს და ამით, დონალდ ტრამპის მიერ კანადისთვის დაწესებული ტარიფებისგან კომპენსირდეს“, - წერს POLITICO. 

„არსებობს სფეროების ფართო სპექტრი, იშვიათი მინერალებიდან დაწყებული ენერგეტიკით, თავდაცვითა და უსაფრთხოებით დამთავრებული, სადაც ჩვენ შეგვიძლია გერმანიასთან კომუნიკაცია გავაღრმაოთ“, - განუცხადა კარნიმ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გერმანიაში ვიზიტისას თან ახლავს კაბინეტის მაღალი რანგის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავდაცვის, ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებზე, ასევე, ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

პრემიერ-მინისტრის ცნობით, დონალდ ტრამპის სავაჭრო დღის წესრიგი ოტავას ახალი ალიანსების შექმნის გარდა, სხვა გზას არ უტოვებს.

„კანადამ სხვაგან უნდა მოძებნოს პარტნიორი, ვაჭრობის გასაფართოებლად, ეკონომიკის ასაშენებლად და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, - ამტკიცებს კარნი. ის, ასევე, მზადყოფნას აცხადებს, რომ „კანადა გახდეს ლიდერი მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების კოალიციის შექმნის პროცესში“.

სწორედ ამ მიზნით, კარნის მთავრობა, ევროპის სხვადასხვა ქალაქში არაერთი შეხვედრა ჩაატარა. მომავალ კვირას, კონკრეტულად კი, 26 აგვისტოს უკვე თავად პრემიერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უმასპინძლებს. 

ასევე, კანადის თავდაცვის მინისტრი დევიდ მაკგნიტი საკუთარ კოლეგას, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს შეხვდება.

„ეს ნამდვილად სავაჭრო მისიაა, რომელიც ელექტროენერგიისა და იშვიათი მინერალების მოპოვებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს კარნის მთავრობის ერთ-ერთი წევრი. 

„გერმანიას ევროკავშირში ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი აქვს და კონტინენტზე უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს ფლობს“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა, რომელსაც POLITICO ანონიმურ წყაროს უწოდებს.

„როგორც ჩანს, გერმანია კანადის იშვიათი მინერალებითაა დაინტერესებული. ასევე, სამხედრო ტექნიკის გაძლიერებით. მისთვის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის მიერ დაწესებულ 5%-იან მშპ-ს მიაღწიოს. გერმანია ამასთან ერთად, ცდილობს რუსული გაზის შესყიდვისგან თავის შეკავებას, ამიტომაც კანადასთან ალიანსი ძალიან სჭირდება“, - წერს გამოცემა.