Loading data...
კანადა მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ დატოვონ ირანი და გამგზავრებას სომხეთის, ან თურქეთის გავლით ურჩევს. უწყება შესაბამის განცხადებას X-ზე ავრცელებს

მთავრობა კანადელებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა. დიპლომატები ამ სასწრაფო მოწოდების მიზეზად ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების და უცხოელების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის ფონზე გაუარესებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების მდგომარეობას ასახელებენ.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა გადახედონ ქვეყანაში დარჩენის გეგმებს და უზრუნველყონ უსაფრთხო გამგზავრება.

უწყება მოქალაქეებისთვის რეკომენდაციას გასცემს, ირანი მეზობელი ქვეყნების, სომხეთის, ან თურქეთის, გავლით დატოვონ, რადგან პირდაპირი ფრენები შესაძლოა, შეზღუდული, ან სახიფათო იყოს.

„მოვუწოდებთ კანადის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ გადახედონ ირანში მოგზაურობის გეგმებს და უზრუნველყონ უსაფრთხო გამგზავრება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კანადელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და ირანში დარჩენილ მოქალაქეებს უსაფრთხოების შესახებ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.