Loading data...
კამბოჯა ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს - კამბოჯის ვიცე-პრემიერი

კამბოჯამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს მას შემდეგ, რაც იგი ქვეყანას ტაილანდთან სასაზღვრო კონფლიქტის დასრულების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა.

Reuters-ის ცნობით, კამბოჯის ვიცე-პრემიერმა სან ჩანთოლმა ტრამპს რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის იმსახურებს ჯილდოზე წარდგენას, რაც უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოა და გადაეცემა იმ ადამიანს, ან ორგანიზაციას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა „ხალხებს შორის ძმობის განმტკიცებაში“.

„ჩვენ ვაღიარებთ მის უზარმაზარ ძალისხმევას მშვიდობის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ჩანთოლმა.

კამბოჯა-ტაილანდის საზღვარზე შეტაკებები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაღმზე აფეთქების შედეგად ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაიჭრა. ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკების დაწყებაში, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა და 300 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საზღვრის ორივე მხარეს სახლები დაეტოვებინა.

Reuters-ის ცნობით, გასულ კვირას ტრამპის სატელეფონო ზარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ტაილანდსა და კამბოჯას შორის ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სასტიკი საბრძოლო მოქმედებების დასრულებაში, რასაც 28 ივლისს მალაიზიაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მოჰყვა.

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ტრამპმა ეს შეძლო. „მიეცით მას ნობელის მშვიდობის პრემია!“, - აღნიშნა ლევიტმა.