Loading data...
კალინინგრადის ოლქში რუსული რადარი მთელ ევროპაზე თვალთვალის საშუალებას მისცემს

უახლოეს მომავალში რუსეთი ევროპაზე თვალთვალის ახალ სისტემას აამოქმედებს. კალინინგრადის ოქლში პრაქტიკულად დასრულდა ახალი რადიოლოკაციური კომპლექსის მშენებლობა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რადარი, რომელიც დასახლება გვარდეისკის მახლობლად მდებარეობს, რუსეთს თვითმფრინავების და ბალისტიკური რაკეტების გადაადგილების გაკონტროლების, ასევე თანამგზავრული კავშირის ჩახშობის შესაძლებლობას მისცემს.

რადარი გიგანტურ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება. რადარის თითოეული „სხივის“ სიგრძე 500 მეტრს შეადგენს.

როგორც ლიეტუვის თადარიგის პოლკოვნიკი, ექსპერტი ვაიდოტას მალინიონისი ამბობს, რადარი იმდენად ძლიერია, რომ ჰორიზონტს მიღმა შეუძლია „ხედავდეს“. ამ სადგურის მოქმედების მანძილი დაახლოებით 3000 კმ იქნება. შესაბამისად, მისი დახმარებით რუსეთი მთელი ევროპის და უკრაინის ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს.

„ამ ობიექტების დანიშნულებაა შორ სამიზნეებზე დაკვირვება და ადრინდელი გაფრთხილების უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეუძლია მას ამ ამოცანების სრულად შესრულება, მაგრამ ობიექტის მშენებლობა გრძელდება“, - განაცხადა ექსპერტებმა.

ბრიტანული გაზეთი The Times იუწყება, რომ კომპლექსის ძირითადი ამოცანაა ელექტრონული სიგნალების აღმოჩენა და მათი ჩახშობა. ასევე ამ რადარის შეტევითი ოპერაციების დროს, სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოყენება შეიძლება.

The Times-ის ცნობით, პოლონურ-ფინურ თავდაცვით და კოსმოსურ კომპანიაში, ICEYE-ში მიაჩნიათ, რომ კალინინგრადის ოლქი მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების ადგილად იქცა.

კალინინგრადის ოლქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს, ის შედარებით მცირე ზომისაა - დასავლეთიდან აღმოსავლეთით - 200 კმ და ჩრდილოეთიდან სამხრეთით - 100 კმ.