Loading data...
კალასი: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას ხვალ ველით

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემასთან დაკავშირებით „დადებით გადაწყვეტილებებს“ 22 აპრილს ელის.

როგორც Reuters-ი წერს, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხებამ შესაძლოა, კიევისთვის რუსეთთან ომის დასაფინანსებლად სასწრაფოდ საჭირო სესხის გაცემას გზა გაუხსნას. აღსანიშნავია, რომ სესხის გაცემას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბლოკავდა. 

„90-მილიარდიან სესხთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებებს ხვალ ველით“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ. 

„უკრაინას ეს სესხი ნამდვილად სჭირდება და ეს ასევე იმის ნიშანია, რომ რუსეთი უკრაინას ვერ გაუძლებს. ეს ამ მომენტში უაღრესად მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.

ამ მოსაზრებას იზიარებს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი.

„ევროკავშირისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიოთ პროგრესს 90 მილიარდი ევროს სესხის საკითხში, მივაღწიოთ პროგრესს სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით და შევძლოთ რუსეთზე რაც შეიძლება მეტი ზეწოლის განხორციელება“, - განაცხადა მან.

„ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიყავი და ძალიან ნათელია, რომ ჩვენ იმ კრიტიკულ ზღვარზე ვართ, როდესაც ეს სესხი აბსოლუტურად აუცილებელია“, - დასძინა მაკენტიმ.