Loading data...
კალასი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: ეს კვირა შესაძლოა, დიპლომატიისთვის გადამწყვეტი იყოს

მიმდინარე კვირა შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესისთვის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს თავდაცვის მინისტრების დონეზე სხდომის დაწყებამდე.

„ეს შესაძლოა, დიპლომატიისთვის გადამწყვეტი კვირა იყოს. გუშინ გავიგეთ, რომ ამერიკაში მოლაპარაკებები რთული, მაგრამ პროდუქტიული იყო. შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ დღეს ამის შესახებ ვისაუბრებ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, - განაცხადა კალასმა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომას, სავარაუდოდ, პირადად დაესწრება, სადაც უკრაინისთვის დახმარების საკითხი განიხილება.

„ჩვენ გვაქვს ორი ფართო თემა. პირველი არის ის, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ხოლო მეორე ეხება ჩვენს თავდაცვით მზადყოფნასა და შესაძლებლობებს, რომლებიც უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის დღევანდელი საბჭოს დღის წესრიგის აღწერისას.

მან დასძინა, რომ ახლა „ნათელია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს და ამიტომ ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ, რათა ის მზად იყოს ამ ძალიან, ძალიან რთულ დროს საკუთარი თავის დასაცავად“.

„მე მჯერა, რომ უკრაინელები საკუთარ თავს დაიცავენ“, - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.