Loading data...
კალასი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას 23 თებერვალს ვგეგმავთ

20 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კრემლის წინააღმდეგ შეზღუდვების მე-20 პაკეტი შესაძლოა, 23 თებერვალს მიიღონ, იტყობინება The Guardian-ი.

„მომავალ ორშაბათს ვგეგმავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. სანქციები მუშაობს. ისინი სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ყოველი ახალი ზომა კიდევ უფრო ზღუდავს მის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი. მოსკოვი დაუმარცხებელი არ არის. მისი არმია რეკორდულ დანაკარგებს განიცდის, ხოლო ეკონომიკა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ხარჯები მის სარგებელს არ გადააჭარბებს. სწორედ ამას უნდა მიაღწიოს ევროპამ, აღნიშნა კალასმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ენერგეტიკის სექტორზე, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მოსკოვის მიერ მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირება.