Loading data...
კალასი: პუტინს არ სურს ომის დასრულება და მოლაპარაკებებს აჭიანურებს, სანქციები უნდა გამკაცრდეს

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჭიანურებს და არ აპირებს ომის მალე დასრულებას, ამიტომ, რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მე-19 პაკეტის მომზადებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა

„მკაცრი რეალობა ისაა, რომ რუსეთს არ აქვს ამ ომის მალე დასრულების განზრახვა. დელეგაციების შეხვედრის დროსაც კი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი თავდასხმები დაიწყო“, - აღნიშნა კალასმა. 

მისივე თქმით, „პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას და იმედოვნებს, რომ ამ სიტუაციიდან უვნებლად გამოვა. მან ანკორიჯი მკვლელობების შეჩერების რაიმე ვალდებულების აღების გარეშე დატოვა“.

„აშშ-ს აქვს ძალა, რუსეთს აიძულოს, სერიოზული მოლაპარაკებები გამართოს. ევროკავშირი იმუშავებს უკრაინასთან და აშშ-სთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსულმა აგრესიამ წარმატებას ვერ მიაღწიოს და ნებისმიერი მშვიდობა მდგრადი იყოს. მოსკოვი ომს იქამდე არ დაასრულებს, ვიდრე არ გააცნობიერებს, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„ამიტომ ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობით“, - ხაზგასმით აღნიშნა კაია კალასმა.

მისი აზრით, „ომის რეალური მიზეზი რუსეთის იმპერიალისტურ საგარეო პოლიტიკაშია და არა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის რაიმე წარმოსახვით დისბალანსში“.