კალასი: კვიპროსში 27-28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებსა და იმ მოთხოვნებს განიხილავენ, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვს უნდა წაუყენოს
კვიპროსში 27-28 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებსა და იმ მოთხოვნებს განიხილავენ, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვს უნდა წაუყენოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ ერთმანეთში უნდა განვიხილოთ, რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ ახლოვდება შეხვედრა „გიმნიხის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ჩემს მიერ წამოყენებულ წინადადებებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
კაია კალასის განცხადებით, „ევროპული უსაფრთხოების საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მუდმივად ესხმის თავს თავის მეზობლებს და როგორ შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“.
„ამისთვის ჩვენ დათმობები გვჭირდება რუსეთის მხრიდანაც“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, მისივე თქმით, მოლდოვაში რუსული ჯარები იმყოფებიან და შესაძლოა, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი პირობა მაგალითად რუსეთის მიერ საკუთარი ჯარის გაყვანა იყოს.
„კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც უკავშირდება იმას, რა მოთხოვნები გვაქვს რუსეთის მიმართ იმისთვის, რომ სტაბილური და მშვიდობიანი ევროპა გვქონდეს,“ – აღნიშნა კაია კალასმა.