Loading data...
კალასი ირანის საპროტესტო აქციებზე: არავინ იცის, რას მოიტანს მომდევნო დღეები და კვირები, შესაძლოა, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ასადის რეჟიმი დაემხო - ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ არ იცის, დაემხობა თუ არა ირანის რეჟიმი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად. ამასთან, მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.

ბერლინში გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა მიანიშნა, რომ ირანის რეჟიმის დაცემა შეიძლება მოულოდნელი იყოს, როგორც ეს სირიაში ასადის შემთხვევაში მოხდა. ამავდროულად, მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მომიტინგეების მხარდაჭერას და თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„არავინ იცის, რას მოიტანს მომდევნო დღეები და კვირები. შესაძლოა, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ასადის რეჟიმი დაემხო - ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ეს რეჟიმები ხშირად ძალიან, ძალიან მდგრადია. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ასევე ვაწესებთ მეტ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს, რათა ვაჩვენოთ, რომ ვგმობთ ამ ქმედებებს“, - განაცხადა კალასმა.

დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანში საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა „მიუღებელია“ და რომ ევროკავშირი მუშაობს დამატებით სანქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

კალასმა ასევე დასძინა, რომ აიათოლას რეჟიმის დაცემის შემთხვევაშიც კი, ირანს დასჭირდება მმართველობის ალტერნატიული ფორმა, ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.