Loading data...
კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით თავის „წითელ ხაზებს“ უნდა გადახედოს

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით თავის „წითელ ხაზებს“ უნდა გადახედოს  და გააანალიზოს, კიდევ რა სანქციების შემოღება შეუძლია. ამის შესახებ მან კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.

კალასმა გაიხსენა, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ მოახერხა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება, რომელიც ორი თვის წინ უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკეს.

„ახლა ასევე უნდა გადავხედოთ წინა „წითელ ხაზებს“, რომლებიც ადრე ხელს უშლიდა ზოგიერთი სანქციის შემოღებას და განვიხილოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კალასმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების 21-ე პაკეტის მიღებაზე მუშაობს. 

„ეს რუსეთს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ის ჩვენზე ძლიერი ვერ იქნება. ეს რუსეთს ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ უკრაინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.