კალასი: ევროკავშირი რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმებებით დაინტერესებული არ არის
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების დადების სურვილს ვერ ხედავს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვის სურვილი „დახურულ კარს მიღმაც“ კი არ არსებობს.
„მე ამ დახურულ კარს მიღმა ვიყავი და ასეთ სურვილს ვერ ვხედავ. და როდესაც რუსეთთან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჯერ შევთანხმდეთ, რაზე გვინდა მათთან საუბარი“, - განაცხადა კალასმა.
„იმიტომ, რომ თუ უბრალოდ „ჩვეულ საქმიანობას“ დავუბრუნდებით, მსგავსი რამ კიდევ უფრო მეტი გვექნება, მეტი ომი. ეს ადრეც გვინახავს. ამიტომ, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და რუსეთს არ უნდა მივცეთ ის, რაც სურს, რადგან მისი მადა მხოლოდ გაიზრდება“, - დასძინა მან.