კალასი: ბრიუსელი მზადაა, ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები პროგრესს ბლოკავენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკომისია მზად იყო ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერებისა და კვლევითი პარტნიორობის დასრულებისთვის, თუმცა ეროვნული მთავრობები შემდგომ ნაბიჯებს ბლოკავდნენ. ამის შესახებ მან 9 სექტემბერს ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, ციტირებს Politico.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შემდგომი ქმედებების ვარიანტები მკაფიოა და მაგიდაზე რჩება, თუმცა აღიარა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ აიძულონ ისრაელის მთავრობა, შეცვალოს კურსი“.
„ჩვენ, როგორც კავშირი, ვერ წავალთ წინ, სანამ წევრი სახელმწიფოები არ გაიზიარებენ ერთნაირ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა მან.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოამზადა ისრაელის მთავრობაზე ზეწოლის შესაძლო ვარიანტების „სია“, მათ შორის წინადადება სავაჭრო კავშირების გაწყვეტისა და კვლევისა და ინოვაციების ფონდ „ჰორიზონტში“ ქვეყნის მონაწილეობის შეჩერების შესახებ, თუმცა დასძინა, რომ „შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს“.
„გარკვეული დადებითი მოვლენები შეინიშნება: 10 ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე ღაზას სექტორში 2 904 სატვირთო მანქანა შევიდა, ხოლო მარტიდან ივლისამდე ღაზას სექტორში არცერთი სატვირთო მანქანა არ შესულა. მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელთან, რადგან მოლაპარაკებების გარეშე ვერაფერს მივაღწევთ“, - დასძინა კალასმა.