კალასი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების იერიშები კრემლში პანიკას იწვევს
რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინული დრონების დარტყმები კრემლში პანიკას იწვევს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 3 ივნისს უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები დაბომბეს, როდესაც ოფიციალური პირები ქალაქში ეკონომიკურ ფორუმზე შეიკრიბნენ.
„ეს ასევე ნათლად აჩვენებს რუსეთის მხრიდან პანიკას - ისინი აძლიერებენ ტერორისტულ თავდასხმებს უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ არ იციან, რა უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კალასმა.
მისივე თქმით, „უკრაინამ მართლაც გააძლიერა დარტყმები ნავთობის ობიექტებზე, რადგან ნავთობი არის ის, რაც აფინანსებს ომს უკრაინაში“.
„ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი კარგავს ფულს, ადამიანებს და იმპულსს და სწორედ ამიტომ აძლიერებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. ის აშკარად ზრდის ტერორს შიშის დასათესად და იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე უკან იხევს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს უკრაინელების სიმტკიცის გატეხვა და მეეჭვება, რომ ამ თავდასხმებით წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა მან.
ევროკავშირი ამჟამად მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს ამზადებს, რათა კრემლზე ზეწოლა გაზარდოს. კალასმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული პაკეტის ძირითადი ნაწილი მიზნად ისახავს ნავთობიდან რუსეთის შემოსავლების შეზღუდვას, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად ენერგომატარებლების ფასების ზრდის მიუხედავად.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო მიზანი სამხედრო ინდუსტრიასა და ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რათა მათ ვერ შეძლონ კაპიტალის მოზიდვა ამ ომის დასაფინანსებლად. ამავდროულად, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, რადგან ეს თავდასხმები საშინელებაა“, - აღნიშნა კალასმა.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით აშშ-ის შუამავლობით წარმოებული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, კალასმა კვლავ გაიმეორა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, ორ მხარეს შორის ნეიტრალური „შუამავლის“ როლი შეასრულოს, კიევისადმი მისი მტკიცე მხარდაჭერის გათვალისწინებით.
„ცხადია, ირანში, ახლო აღმოსავლეთსა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე ომი ამერიკის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის მხრიდან რეალურ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს ვერ ვხედავთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია - როგორ შეგვიძლია მათ უკრაინელებთან მოლაპარაკებისკენ ვუბიძგოთ ისე, რომ ისინიც დათმობებზე წავიდნენ, რაც ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კაია კალასმა.