Loading data...
კალასი: აშშ-ს რუსეთზე ზეწოლის ყველა საშუალება ჯერ არ გამოუყენებია

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გამოიყენა თავისი ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერებას.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებული „აღდგომის ზავი“ შაბათ-კვირას იყო თამაში, რომელიც მიმართული იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. 

„ისინი ზავს არ იცავდნენ. აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს და დროს წელავს, და რეალურად არ სურს მშვიდობა. ისინი [რუსები]ფიქრობენ, დრო მათ მხარესაა, ამიტომ არავითარ პოზიტიურ სიგნალებს არ აგზავნიან, არავითარ კეთილ ნებას არ აჩვენებენ,“, - აღნიშნავს კალასი. 

კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიჭერს მოსკოვის მიმართ.

„მათ აქვთ ინსტრუმენტები, რომ რეალურად ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. რატომ არ იყენებენ მათ ამ ომის დასამთავრებლად? თუ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე გადიან… დიდი კითხვაა - რატომ?“ - აღნიშნა ევროპელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.