Loading data...
კაია კალასი: ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობებზე პუტინს ეცინება

„პუტინი დასცინის ტრამპის მცდელობებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაგეგმვასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი. როგორც კაია კალასი ამბობს, ალასკასა და ვაშინგტონში გამართულმა სამიტებმა რუსეთის ლიდერს ზუსტად ის მისცა, რისი მიღებაც მას სურდა. ამის შესახებ POLITICO წერს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას (15 აგვისტო) ალასკაში დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რათა რუსეთის ლიდერი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულებისკენ მიემართა. მან, ასევე, ევროპელი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს (18 აგვისტო) თეთრ სახლში გამართულ სამიტზე მიიწვია. 

კალასი მიიჩნევს, რომ ტრამპის მცდელობებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, პუტინს დიდი პროპაგანდისტული გამარჯვება მოუტანა და მსოფლიოს კრემლის „ხაფანგში“ გაბმის რისკი შეუქმნა. 

„ცხადია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს“, - თქვა მან. „პუტინი, უბრალოდ, იცინის!“, - დასძინა კალასმა.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტის მცდელობებს „მისასალმებელს“ უწოდებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ „ეს შეხვედრა პუტინს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე დონალდ ტრამპს“. „მან [პუტინმა] ბევრად მეტი მიიღო. მან ამერიკაში ასეთი დახვედრა მიიღო“, - ამბობს კალასი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის დაჩქარებულმა დიპლომატიამ, მათ შორის, ალასკასა და ვაშინგტონში გამართულმა სამიტებმა, ჯერ მოსკოვისგან დათმობა ვერ დაიმსახურა. რუსეთი უკან არ იხევს და უკრაინაში, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, რომელიც რუსულმა ჯარებმა ნაწილობრივ დაიკავეს, უზარმაზარ ტერიტორიას ითხოვს. ასევე, უკრაინას მოუწევს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა.