Loading data...
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი მშვიდობის დამყარებას, - მის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის იმ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა კალასმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკვე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და უკრაინის ბიუჯეტის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, ასევე, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესზე.

„ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა - სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ რუსეთის მომავალ აგრესიას ევროპაში.

რადგან რუსეთი სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა, ჩვენ არც კი უნდა განვიხილოთ რამე სახის დათმობა. ნაბიჯების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ძლიერი მონიტორინგის სისტემით და უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით. ჩვენ სანქციების მე-19 პაკეტზე ვიმუშავებთ“, - დასძინა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.