Loading data...
კაია კალასი: დასავლეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს ამზადებს

ლონდონისა და პარიზის ხელმძღვანელობით, დასავლეთი შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად. მიზანია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი გარანტიები დამაჯერებელი და სანდო უნდა იყოს.

„უკრაინის მომავალი უსაფრთხოების გარანტიები დამაჯერებელი და სანდო უნდა იყოს. უკრაინას უნდა შეეძლოს დასავლეთზე დაყრდნობა მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. კრემლმა ნათლად უნდა გაიგოს: ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა უკრაინის მოკავშირეების მხრიდან სერიოზულ რეაქციებს გამოიწვევს“, - აღნიშნა მან.

კალასის თქმით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ გარანტიები სანდო იყოს, დასავლეთმა კარგად აღჭურვილი, თავდაცვის უნარიანი სამშვიდობო ძალები უნდა გააგზავნოს.

ამავდროულად, თავდაცვის პირველ ხაზად ძლიერი უკრაინული არმია დარჩება.

„უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა რუსეთი უკრაინაზე კიდევ ერთი თავდასხმისგან შეაკავოს. 2022 წელი აღარ უნდა განმეორდეს“, - დასძინა კალასმა. 

კალასმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა გაამკაცროს სანქციები და მიაწოდოს უკრაინას საჭირო იარაღი, რათა კრემლს ჩამოართვას ომის გაგრძელების შესაძლებლობა.