კაია კალასი: ჩინეთი სარგებლობს სავაჭრო ომებით, რომელსაც ტრამპი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, მხოლოდ ჩინეთი სარგებლობს სავაჭრო ომებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
კალასმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპი საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ღვინოზე, შამპანურსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე 200 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა.
„ვინც გვერდით იცინის ან გვერდიდან უყურებს ამ ყველაფერს, ეს არის ჩინეთი. ის ნამდვილად სარგებლობს აშშ-ის ევროპასთან სავაჭრო ომით“, - აცხადებს კალასი.
კალასმა გაიმეორა ევროკავშირის მზადყოფნა რეაგირებისთვის, მაგრამ მოუწოდა თავშეკავებისკენ, რადგან მისი თქმით, სავაჭრო ომები ინფლაციას ზრდის, რაც აზიანებს მომხმარებლებს.
„მზად ვართ ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები, როცა საჭირო იქნება“, - აცხადებს კალასი.