ჯოზეფ ბორელი: როგორც ჩანს, ევროპაში ბევრი გააღვიძა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ, მაგრამ ჯერ არ წამომდგარან საწოლიდან
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აქვეყნებს წერილს სათაურით – „ევროპა ცეცხლის რკალში“. ჯოზეფ ბორელი წერილში 2024 წელს აჯამებს.
ბორელის თქმით, გეოპოლიტიკური გარემო გაუარესებულია, ევროპის კარზე კონფლიქტები და კრიზისები ღრმავდება.
უმაღლესი კომისარი იმ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გაუწია, თუმცა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა უკრაინას საჰაერო სივრცე და ენერგოინფრასტრუქტურა დაეცვა.
„ზამთარი ძალიან მკაცრი იქნება უკრაინელებისთვის, ელექტროენერგიის შეზღუდვებით. ჩვენ ვერც საბრძოლო მასალების მხრივ მოვახერხეთ უკრაინის მხარდაჭერა საკმარისად, რომ შეგვეჩერებინა რუსეთის წინსვლა დონეცკის რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე“, – წერს ბორელი.
ამასთან, ბორელი ამბობს: „არაერთხელ მითქვამს: რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროკავშირისთვის. ვლადიმერ პუტინის რუსეთი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ის აუცილებლად გააგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების მიმართ, განსაკუთრებით ევროპაში“.
ბორელის თქმით, ევროპა უკრაინას თუ არ დაეხმარება სუვერენიტეტის დაცვაში, განადგურდება მთელი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომლის პოპულარიზაციასაც გლობალურად ცდილობდნენ.
„2022 წლის თებერვლის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოსაფხიზლებელი გახდა ევროპისთვის, მაგრამ როგორც პოლიტოლოგმა ივან კრასცევმა სამართლიანად აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ დებატებში, არის განსხვავება გაღვიძებასა და საწოლიდან ადგომასა და მოქმედებას შორის. როგორც ჩანს, ევროპაში ბევრი, რა თქმა უნდა, გააღვიძა უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის აგრესიამ, მაგრამ ჯერ არ წამომდგარან საწოლიდან“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
ამასთან, ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროპის ლიდერები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ შიდა პრობლემებზე, რომლებიც ეხება ეკონომიკებსა და საზოგადოებებში არსებულ შიდა გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ამაში მათ ვერავინ დაადანაშაულებს.
„მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამან არ გამოიწვიოს ქმედებები, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ჩვენს ურთიერთობებს დანარჩენ სამყაროსთან. ეს სასიკვდილო საფრთხე იქნება ევროკავშირის მომავლისთვის. ჩემი საქმეა ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაა და ამ მიმართულებით დაუღალავად ვმუშაობდი მთელი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ ეს შედეგები არასაკმარისი იყო ამ ეტაპზე უკრაინის კონფლიქტში ან ახლო აღმოსავლეთში, ისინი უფრო პოზიტიური იყო სხვაგან. ანალოგიურად, ვიდრე რუსეთის აგრესიული ომი და კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში იპყრობს ჩვენს ყურადღებას, არასოდეს გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სიმძიმის ცენტრი აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანისკენ ინაცვლებდა და ევროკავშირს სჭირდებოდა, უფრო მეტად ყოფილიყო ჩართული მსოფლიოს ამ ნაწილში. ჩრდილოეთ კორეის უშუალო მონაწილეობამ პუტინის რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, შეგვახსენა, გლობალიზებულ სამყაროში რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა კრიზისის თეატრი“, – ამბობს ბორელი.
მისი თქმით, ევროკავშირი არ შექმნილა თავდაცვის ალიანსად, მაგრამ მას შეუძლია და უნდა გახდეს გლობალური უსაფრთხოების პარტნიორი ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერ საფრთხეებთან ბრძოლა ან უცხოური ინფორმაციის მანიპულირება.
„ჩემი უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში იწურება. 2019 წელს, ჩემი კანდიდატურის დადასტურების დროს გამართული მოსმენისას, მე ვუთხარი ევროპარლამენტის წევრებს, რომ ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა, ევროპას ესწავლა „ძალაუფლების ენაზე საუბარი“. მე კარგად ვიცი, რომ სწავლის პროცესი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებამდე, მაგრამ ვმუშაობდი ამაზე ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და ძალიან მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.