ჯორჯია მელონი: შესაძლოა ევროკავშირმა დაკარგოს საკუთარი მნიშვნელობა საერთაშორისო არენაზე, რადგან ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას ჩინეთისა და აშშ-ის მიერ შექმნილ გამოწვევებზე - POLITICO

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ შესაძლოა ევროკავშირმა დაკარგოს საკუთარი მნიშვნელობა საერთაშორისო არენაზე. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ევროკავშირმა უნდა „გააკეთოს ნაკლები, მაგრამ უკეთესად“.
როგორც მელონი აღნიშნავს, ევროკავშირი „ყოველდღიურად უფრო მეტად არის განწირული გეოპოლიტიკური არარელევანტურობისთვის, რადგანაც ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას კონკურენტუნარიანობის გამოწვევებზე, რასაც ჩინეთი და აშშ უქმნიან“.
„ბიუროკრატია ვერ გამოგვიყვანს ქარიშხლიდან, ამას პოლიტიკა შეძლებს. რეგულაციები არ გაგვაძლიერებს, ამას იდეები შეძლებენ. იდეოლოგიები ვერ გაათავისუფლებენ ჩვენს საზოგადოებებს, მაგრამ ფასეულობები, თუ ისინი გამოყენებულია იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ, ამას შეძლებენ“, – აცხადებს მელონი.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს კონცენტრაცია ძირითად პრინციპებსა და ეროვნულ იდენტობაზე.
„საბოლოოდ, „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ არის ევროკავშირის დევიზი და მე მჯერა, რომ ეს დევიზი უნდა შთაგვაგონებდეს ჩვენ, ყველას“, – აღნიშნავს მელონი.