ჯორჯია მელონი: კატეგორიულად ვამბობ, იტალია უკრაინაში ჯარს არ გააგზავნის!
დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
მელონიმ ეს უარი უკრაინის მიმართ პოლიტიკის უწყვეტობის შესახებ დაპირებას შეუხამა და აღნიშნა, რომ იტალია „არ მიატოვებს უკრაინას ამ უაღრესად ფაქიზ მომენტში“.
იტალიის პრემიერმა მიმოიხილა უსაფრთხოების სამი მოდელი, რომლებიც ევროპელ და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის განიხილება.
პირველი მოდელი ფოკუსირებულია ძლიერ, დამოუკიდებელ უკრაინულ არმიაზე, რომლის რაოდენობაც მშვიდობიან პერიოდში, შესაძლოა, დაახლოებით 800 000 ჯარისკაცით განისაზღვროს.
მეორე მოდელი გულისხმობს მრავალეროვნული ძალების ყოფნას უკრაინის შიგნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგება „მსურველთა კოალიცია“ - ძირითადად, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. ნებაყოფლობითი ეროვნული მონაწილეობა მიზნად ისახავს უკრაინული ძალების აღდგენაში დახმარებას, ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებას.
მესამე ვარიანტი მოიცავს საერთაშორისო გარანტიებს, რომლებიც ნატოს მე-5 მუხლის მოდელზეა დაფუძნებული - ეს არის მიდგომა, რომელიც თავდაპირველად იტალიამ წამოაყენა.
მელონიმ იტალია წარმოაჩინა როგორც მხარე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, თუმცა მან ცალსახად გამორიცხა ქვეყნის მონაწილეობა მეორე მოდელში.