Loading data...
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ ომის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიის გაგზავნა არ განიხილება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას ჰორმუზის სრუტეში მისიის გაგზავნის საკითხი არ განიხილება, თუმცა საუბარია საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ შესაძლო ოპერაციაზე. 

იტალიის მთავრობის მეთაურმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ქვეყნის მიერ სამხედრო მისიის ორგანიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც უზრუნველყოფს გემების გავლას ჰორმუზის სრუტეში.

„ამ საკითხზე მსურს მკაფიოდ გამოვთქვა ჩემი პოზიცია, რადგან გაჩნდა გარკვეული ინტერპრეტაცია. არავინ განიხილავს სამხედრო მისიის გაგზავნის შესაძლებლობას ჰორმუზის სრუტეში“, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი. 

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ დეესკალაციის შესაძლო დიპლომატიური გზების პოვნას.

„ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ არ არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ცდილობენ დეესკალაციის შესაძლო დიპლომატიური გზების პოვნას“, - აცხადებს მელონი. 

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იტალია დაზარალდა.