Loading data...
ჯეიმს ო'ბრაიენი: რუსეთი თუ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა

თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას კინმა ო’ბრაიენს კითხვა დაუსვა თუ რამდენი რუსული საჰაერო ბაზაა იმ ტერიტორიებზე, რომლებზე დარტყმაშიც უკრაინას აშშ-ის ადმინისტრაცია ხელს უშლის.

„თუ რუსეთი ფრონტის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფრო დიდ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა“, - აღნიშნა შეკითხვის საპასუხოდ ჯეიმს ო’ბრაიენმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული რუსული ობიექტების განადგურების გამო რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს.

მისი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი იყო იარაღის მიწოდება და მათი განლაგება გადაუდებელი საჭიროების ადგილებში.

„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, - დასძინა ჯიმ ო’ბრაიენმა.