Loading data...
ჯეი დი ვენსის თქმით, ირანთან ომში აშშ-ის მთავარი მიზანია ამერიკელებისთვის ნავთობსა და ბენზინზე დაბალი ფასის შენარჩუნება, მეორე მიზანი კი იმის უზრუნველყოფაა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან ომში ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი „ამერიკელებისთვის ნავთობსა და ბენზინზე დაბალი ფასის შენარჩუნებაა“.

„და შემდეგ, ცხადია, მეორე მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი. დარწმუნებული ვარ, ორივე მიზანს მივაღწევთ, მაგრამ ეს თავისთავად არაპროგნოზირებადი რამ არის, რადგან თავად ირანელები არაპროგნოზირებადები არიან და ზოგჯერ არ ასრულებენ ჩვენ წინაშე აღებულ ვალდებულებებს“, - განუცხადა ვენსმა Fox News-ს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა, თუ როგორი შედეგით შეიძლება დასრულდეს აშშ-ისთვის ომი.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, ვფიქრობ, ეს დასრულდება ისე, რომ შეერთებული შტატები უფრო ძლიერ პოზიციაში იქნება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ჰორმუზის სრუტეში ვითარება იმ მდგომარეობამდე დაბრუნდება, რომ ნავთობისა და გაზის ფასები ამერიკელი ხალხისთვის სტაბილური იქნება. ზოგჯერ ჩვენ ენერგეტიკულ ნაწილზე ვართ ორიენტირებულნი, რადგან გვინდა, რომ ამერიკელებს ნავთობისა და გაზის ფასის გადახდა შეეძლოთ. ზოგჯერ აშკარად მის სამხედრო ბუნებაზე ვართ ორიენტირებულნი. ზოგჯერ კი ბირთვულ პროგრამაზე ვართ ორიენტირებულნი“, - აღნიშნა ვენსმა.

„ვფიქრობ, სინამდვილეში ის ხდება, რომ თქვენ ხედავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავისი ძალაუფლების მწვერვალზე და მას უამრავი ინსტრუმენტი აქვს - დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური. ვფიქრობ, სინამდვილეში შიგნიდან ხდება ის, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ძალიან შერჩევით, ძალიან სტრატეგიულად ვიყენებთ, რათა მივიღოთ ის შედეგი, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ სჭირდება“, - დასძინა მან.