Loading data...
ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწიეს. 

„ჩვენ გვინდა რეგიონული ცეცხლის შეწყვეტა, არა? ჩვენ გვსურს, რომ „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს ისრაელში ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ სროლა. გვსურს, რომ ისრაელელებს მშვიდობიანად ცხოვრება შეეძლოთ. ასევე, გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც რამე მოხდება, ის არ გადაიზრდება უფრო ფართო ესკალაციაში“, - განაცხადა მან შვეიცარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მექანიზმის მიზანია, ისრაელს, ლიბანს, „ჰეზბოლასა“ და სხვა რეგიონულ პარტნიორებს შორის ინციდენტების დროს პირდაპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რადგან „[გუშინდელ] დღემდე, სანამ ჩვენ ეს არ შევქმენით, ამ დისკუსიების ჩატარების მექანიზმი რეალურად არ არსებობდა“.

„ზოგჯერ [„ჰეზბოლას“] ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი დრონს ისვრის, რასაც უმაღლესი სარდლობის თანხმობა არ აქვს. რა თქმა უნდა, ისრაელმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მაგრამ ჩვენ შეიძლება უფრო მშვიდობიანი სიტუაცია გვქონდეს, თუ ისრაელი რეაგირებას მოახდენს „ჰეზბოლას“, ლიბანს, ისრაელსა და რეგიონში სხვა პარტნიორებს შორის მიმდინარე საუბრის კონტექსტში“, - აღნიშნა ვენსმა.

„ისრაელს და რეგიონის ყველა სხვა ერს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ყველას ჰქონდეს თავდაცვის უფლება იმ ფონზე, როდესაც ვსაუბრობთ, თუ როგორ შევძლოთ ამ კონფლიქტების დეესკალაცია, კონტროლიდან გამოსვლის ნაცვლად“, - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

რეპორტიორის კითხვას, სურს თუ არა აშშ-ს, რომ ისრაელმა სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან ჯარები გაიყვანოს, ვენსმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა გაიმეორა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევა გრძელდება და დაიცვა ისრაელის არგუმენტი: „ჩვენ გვსურს, რომ ისრაელის უსაფრთხოება დაცული იყოს და ასევე გვსურს, რომ ლიბანის სუვერენიტეტიც დაცული იყოს. ამაზე საუბარი გაგრძელდება“. 

„ისრაელელებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ ტერიტორიული განზრახვები სამხრეთ ლიბანთან დაკავშირებით. ისინი იქ ყოფნის აუცილებლობას იმიტომ გრძნობენ, რომ ღელავენ, სამხრეთ ლიბანში მყოფმა „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელს ცეცხლი არ გაუხსნან“, - აღნიშნა ვენსმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ისრაელის უსაფრთხოება დაცული იყოს, საჭირო იქნება კოორდინაცია ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან, ასევე, „ირანელებთან „ჰეზბოლას“ კონტროლისთვის“.