ჯეი დი ვენსი: ტრამპი ირანს ხარგის კუნძულის შესახებ გამოქვეყნებული პოსტით გზავნილს უგზავნიდა
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი ირანის ენერგეტიკული ცენტრის, ხარგის კუნძულის განადგურების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით თეირანს გზავნილს უგზავნიდა.“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტს უყვარს სოციალურ ქსელებში სიტუაციის ოდნავ „გამოცოცხლება“. ის პირველი იტყოდა, რომ სამხედრო მოქმედებების შესახებ განცხადებებს სოციალურ ქსელში არ აკეთებს, თუმცა მიმაჩნია, რომ მან ირანელებს კონკრეტული გზავნილი გაუგზავნა“, - განაცხადა ვენსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ირანის კუნძულ ხარგზე განხორციელებული დარტყმებია ნაჩვენები. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ღამის დარტყმებისას ხარგის კუნძული მიზანში არ აუღიათ. ირანულმა მხარემ ტრამპის პოსტს „სასაცილო“ უწოდა.