ჯეი დი ვენსი: ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ქაოსური იქნება და მას გარკვეული დრო დასჭირდება
იმ ფონზე, როდესაც თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს უარყოფს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „ქაოსური“ იქნება და მას გარკვეული დრო დასჭირდება.
ვენსის თქმით, „ირანელები წარმოუდგენლად რთული ადამიანები არიან“ თავიანთი „დანგრეული სისტემით“.
„ჩვენი საქმეა ამ სირთულეების გადალახვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა ამერიკელი ხალხისთვის, ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში.
„ვფიქრობ, რომ საბოლოო შედეგი, რომლამდეც მივალთ — ეს იქნება ქაოსური პროცესი და იქამდე მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება — როგორც ხედავთ, ნავთობის ფასი, ვფიქრობ, დღეს 79 დოლარი იყო. ნავთობის ფასები დაეცემა და დაბალ ნიშნულზე დარჩება. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და შეერთებული შტატები უფრო ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდება. მაგრამ ჩვენ თამაშის შუაგულში ვართ და ვფიქრობ, ხალხი ცდილობს, წინასწარ განსაჯოს, თუ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ვენსმა.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, გააგრძელებს თუ არა აშშ-ირანს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებას.